სწორედ რაჭის მთებში, მტრისაგან მალულად, ხელუხლებელ მიწებზე ბერებს ყურძენი მოჰყავდათ. ბერები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყურძნის უნიკალურ ჯიშებს თავს დასტრიალებდნენ, შემოდგომის რომელიმე მზიან და ოქროსფერ დღეს კი – კრეფდნენ და წურავდნენ.
ამ ადგილას ბერების მარნების მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი, თავად ისტორია კი, დიდხანს იყო დავიწყებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივების დახმარებით, ძალიან რაჭული ღვინის დავიწყებული ამბავი კვლავ გაცოცხლდა; ღვინოს კი, მისი შემქმნელების პატივსაცემად ნაბერაული დაერქვა.
თქვენ წინაშე ნაბერაულია, ისტორიით სავსე ღვინო. გადმოცემის თანახმად, მისი ისტორია მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა; მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ვაზი გაიხიზნა.
თითქოს, ქართველების წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა.
მისია
ნაბერაულის მისია, ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და განვითარებაა; ღვინის უნიკალური სახეობა - რაჭული მწვანე, ბრენდის ის მთავარი მახასიათებელია, რაც მას ქართული მეღვინეობის ბაზარზე სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს.
ხედვა
რაჭული უიშვიათესი ღვინის სახეობებიდან ქართველი და უცხოელი მომხმარებელი მხოლოდ ხვანჭკარას იცნობს. თუმცა, ამ რეგიონს ჭიქა ღვინით საქართველოსა და მსოფლიოსთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი.
რაჭის მეღვინეობის მივიწყებული ადათ-წესების აღდგენითა და წარსულისა თუ ექსპერიმენტების მუდმივი ძიებით, „ნაბერაული“ ქმნის ნამდვილი რაჭული ღვინის განუმეორებელ გემოს. საინტერესო და გამორჩეული სტილის ეტიკეტებით კი ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.
„ნაბერაულის“ ბრენდის ქვეშ უიშვიათესი ჯიშებით ნამდვილი რაჭული ღვინოების ფართო ასორტიმენტი იკვრება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს საქართველოს სხვა კუთხეების ცნობილ ღვინოებს.